ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარა ქანდისა და მუხრანის მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინეს

23/08/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლების – პატარა ქანდისა და მუხრანის საჭიროებებს გაეცნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები დეტალურად მოისმინეს, მათთან ერთად შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობა შეაფასეს და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. განიხილეს სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
სოფელ მუხრანში, გასულ წელს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა. ბაღში სკოლამდელ განათლებას მუხრანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 180-მდე აღსაზრდელი იღებს. მიმდინარეობს პატარა ქანდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. კეთილმოეწყო ეზო და მინი სტადიონი. სკოლის მოსწავლეები განახლებული ინფრასტრუქტურით მომავალი წლიდან ისარგებლებენ. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუხრანის კულტურის სახლს. რამდენიმე თვის წინ სოფელში საზოგადოებრივი ცენტრიც გაიხსნა. მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს 200-ზე მეტი სერვისით და 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტით ისარგებლოს. ცენტრში ასევე მოქმედებს ციფრული და ბეჭდური წიგნებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს პატარა ქანდაში მისასვლელი გზის მოასფალტება. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოეწყო შიდა გზები ორივე სოფელში.
ადგილობრივებმა მომავალ წელს განსახორციელებელ აუცილებელ სამუშაოებს შორის სამედიცინო პუნქტის ამოქმედება, წყალმომარაგების გაუმჯობესება და შიდა გზების კეთილმოწყობა დაასახელეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ მხარდაჭერა აღუთქვეს. ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებზე და მოსახლეობას აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან კომუნიკაციას აქტიურად აგრძელებენ. შეხვედრების მიზანია რეგიონში არსებული პრიორიტეტების გამოკვეთა და მათი 2020 წლის სამოქმედო გეგმაში ასახვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0