ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუშეთში მოზამთრეები მოინახულეს

19/12/2019

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ხმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი თუშეთში მოზამთრე მოსახლეობას შეხვდნენ. თუშეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ადგილობრივი მოსახლეობა უკვე მესამე წელია უსასყიდლოდ სარგებლობს. რეგულარული ავიარეისების დანიშვნის შემდეგ, ზამთარში დამრჩენ პირთა რაოდენობაც გაიზარდა და წელს უკვე, თუშეთის ხუთ სოფელში: ომალოში, შენაქოში, ბოჭორნაში, ჩიღოში და ჭეშოში რჩება მოსახლეობა გამოსაზამთრებლად. ხელი შეეწყო ფერმერებს, საოჯახო სასტუმროს მფლობელებს და თუშეთში სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულ ადამიანებს. თუშეთში დღეისათვის 60-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა, ბევრი მათგანი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონზე, თუშეთმა 15 000-ზე მეტ ტურისტს უმასპინძლა. გარდა ამისა, თუშეთში ფუნქციონირებს ამბულატორიაც და სეზონის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჯგუფებიც რეგულარულად ემსახურებიან სოფლებს. თუშეთისთვის სამომავლო პერსპექტივად, კერძო ბიზნესის ინიციატივითა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის მხარდაჭერით, მუშავდება საბაგირო გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ დროისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტრომ უკვე გადაცა 3 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც თუშეთში შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგებასა და სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი გზების მშენებლობას შეუწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0