ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ განიხილეს. ეკონომიკური ბლოკის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილ მინისტრობის შემდეგ, კანდიდატებს მოუსმინეს: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილსა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს. ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას, რაზეც მთავრობის ძალისხმევა იქნება მიმართული 2019-2020 წლებში, ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მთავრობის სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია სწრაფი და თითოეული მოქალაქისათვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ამოსავალი არის ბიზნესის თავისუფლება, ბიზნესთან აქტიური დიალოგი და მისთვის პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფა. შესაბამისად, აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას „თამაშის“ სამართლიანი წესები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობა მისცეს კერძო სექტორს, მოიპოვოს კონკრეტული წვდომა მსოფლიო ბაზრებზე. მინისტრობის კანდიდატებმა კომიტეტების წევრებს სამინისტროებში მიმდინარე რეფორმებზე და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ -ის იმ ძირითად პრიორიტეტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელთა განხორციელებაც ცალკეული სამინისტროების მხრიდან იგეგმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ მოკლედ ისაუბრა სამინისტროში მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი რეფორმების შესახებ.

„ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, რომელიც დაფუძნებულია კერძო ინიციატივაზე, კერძო ბიზნესის დომინირებასა და მისი თავისუფლების პატივისცემაზე,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, საქართველოში ბიზნესს პირველ რიგში სჭირდება სტაბილური გარემო და სამართლიანი თამაშის წესები.

„აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, პირველ რიგში, მიმართულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისკენ, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისკენ და რა თქმა უნდა, უკვე ამის ფონზე, სიღარიბის დაძლევისკენ, რომელიც ჩვენს ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად რჩება. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური განვითარების შედეგები უფრო მეტად ხელშესახები გავხადოთ თითოეული ოჯახისთვის,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება სამომავლო პრიორიტეტებს დაუთმო და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ადგილობრივი წარმოების, პირველ რიგში, საექსპორტო წარმოების წახალისება წარმოადგენს.

„თუ ჩვენ დავაკვირდებით სტატისტიკას, ექსპორტი უკვე იქცა ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ გამწევ მდგენელად, ერთ-ერთ გამწევ ძალად. ექსპორტის ზრდის მიმართულებით ჩვენ საგრძნობი პროგრესი გვაქვს. მნიშვნელოვნად იზრდება როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტი. 2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 12.4% -ით და გადააჭარბა ორ მილიარდ დოლარს. საქართველო ასევე ლიდერია ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის. საქართველოში წარმოებულ პროდუქციას მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე აქვს წვდომა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში. ჯამში, ეს 2.3 მილიარდი მომხმარებელია“, – განაცხადა ნათია თურნავამ და ამ მიმართულებით სამინისტროს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველო დღეს ნამდვილად ყალიბდება სატრანსპორტო რეგიონულ ჰაბად და, შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელზე, ქსელში ქვეყნის სატრანზიტო სისტემების ინტეგრაციაზე. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ბოლო 6 წლის განმავლობაში ტურიზმი გახდა ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი და სხვა ინდუსტრიების მსგავსად, იგი ასევე იქცა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ გამწევ ძალად და კონტრიბუტორად. თუმცა, მისივე თქმით, რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა და ამას ცხადყოფს სტატისტიკაც.

„2018 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 3.2 მილიარდ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-იანი ზრდა იყო. წელსაც ჩვენ ველოდებოდით კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს, მაგრამ 20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც ინსპირირებული იყო რევანშისტულად განწყობილი, უპასუხისმგებლო, პოლიტიკური ძალების მიერ, რადიკალურად შეცვალეს პირველ რიგში ტურიზმის აღმავალი ტენდენცია და უკვე ივლისის თვეში ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწია იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ თითქმის 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა საქართველომ, დაკარგა მცირე ბიზნესმა, დაკარგა ჩვენმა ოჯახებმა, მცირე სასტუმროებმა და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, რომელსაც ახლა ვუმკლავდებით. მთავრობა აქტიური ძალისხმევით და ანტიკრიზისული ღონისძიებებით დროულად ჩაერთო ამ პროცესებში და მოვახერხეთ ნაწილობრივ მაინც შევარბილოთ ეს ნეგატიური ზემოქმედება, თუმცა სრულად ამის ნეიტრალიზაცია, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რადგან დაზარალდა როგორც ტურიზმი, არამედ მომიჯნავე სფეროებიც. რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა, ამას ცხადყოფს სტატისტიკაც“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა იმ გეგმებზე, რომლებიც სამინისტროში შეიმუშავეს ეკონომიკის სფეროში კანონმდებლობის დახვეწის, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, საკრედიტო-საგრანტო სქემის გამარტივების, რეგიონების განვითარების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების, აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდის უზრუნველყოფაზე, ასევე სასურსათო უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის და სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე.

“ჩვენი მუშაობის სწორი პოლიტიკისა და თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგად, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით ხელშესახები შედეგები უკვე სახეზეა. ეს არის ორი ძლიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის. გარემოსდაცვითი მოთხოვნები, რამდენადაც დიდ ფინანსურ ხარჯებს არ უნდა ითვალისწინებდეს, არის ჩვენი საკონსტიტუციო უფლება და მნიშვნელოვანია.

გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით უმნიშვნელოვანესია, აღინიშნოს, რომ 2018 წელს მივიღეთ გარემოსდაცვითი მოქმედებათა ეროვნული პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს და მასში კონსოლიდირებულია ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები, ევროკავშირით განსაზღვრული დღის წესრიგი, კონვენციებით აღებული ვალდებულებები და ჩვენი ეროვნული ინტერესები”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2018 წლიდან, საქართველოში ამოქმედდა გარემოს ზემოქმედების შეფასების და სტრატეგიული გარემოს შეფასების ახალი პროცედურები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გარემოსდაცვითი პოლიტიკის და მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით. შესაბამისად, ქვეყანაში დაიწყო გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სადაც განახლებული მიდგომებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა კანონით არის გარანტირებული. მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ნარჩენების მართვის პოლიტიკაზეც და აღნიშნა, რომ იგეგმება ნარჩენების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის რეგულირების კუთხით ახალი კანონპროექტის შემუშავება. მან ასევე აღნიშნა, რომ 2018 წელს, საქართველოში დაიწყო მასშტაბური კვლევა თბილისში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად, გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია. მან ყურადღება დაუთმო ქვეყანაში დაცული ტერიტორიების განვითარების, ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობის, ტყის მდგრადი მართვის საკითხებს. დეპუტატებს გააცნო ასევე სოფლის მეურნეობის პრიორიტეტები და ამ მიმართულებით სამინისტროს მხრიდან განსახორციელებელი გეგმები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა უწყების საქმიანობის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის უპრეცედენტო თანხა – 2 მილიარდი ლარია გამოყოფილი.

„ეს დაახლოებით, 420 მილიონით მეტია წინა წლის ბიუჯეტზე. 1 სექტემბრის მდგომარეობით, სამინისტრომ უკვე დააფინანსა 964 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც 54%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სამინისტროს ბიუჯეტის 65% საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებზე მოდის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების 254 პროექტს ახორციელებს, აქედან 43 პროექტს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები 3,7 მილიარდი ლარით აფინანსებენ. მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 200 კმ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების აღდგენას გეგმავს. მინისტრობის კანდიდატის თქმით, ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, სამინისტროს პრიორიტეტად რჩება რეგიონებში ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც შექმნის მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებს, გააძლიერებს რეგიონებს ეკონომიკურად და ხელს შეუწყობს ქალაქსა და რეგიონებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოფხვრას.

„მნიშვნელოვნად – 46%-ით გაიზარდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტი, პროექტების მიმართულებები და პროექტების რაოდენობა“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იგეგმება მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცირე ზომის ობიექტების გადაცემა, რაც დამატებით სტიმულს მისცემს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის. მაია ცქიტიშვილის თქმით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ითქვა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით რეგიონებში ახალი მიზიდულობის ცენტრებს შექმნიდნენ, შესაბამისად, 2019-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება ვანის, ონის, ბორჯომის, სტეფანწმინდის, მცხეთის მუზეუმების პროექტირება და მშენებლობა. აგრეთვე, გაგრძელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, სანაპირო ზოლზე, ტურისტულ ცენტრებში
მაია ცქიტიშვილმა დეპუტატებს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიმდინარეობისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ იგეგმება თვითმმართველობის მიერ სესხისა და გრანტების მიღება-გაცემის პროცედურების გამარტივება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომი გაძლიერებისთვის, სამინისტროს კოორდინაციითა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, მომზადდა 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის კოორდინაციით, ორივე დოკუმენტი განიხილა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა. სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, უახლოეს მომავალში დაიწყება კონკრეტული ქმედებების განხორციელება“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სამინისტროს მართვაში არსებული ყველა პროექტი მიმართულია რეგიონების შესაძლებლობების განვითარებისკენ, ამიტომ, პროექტების დაგეგმვა ხდება და გაგრძელდება ადგილობრივ თვითმმართველობებთან, პარლამენტარებთან აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში და უშუალოდ მოსახლეობასთან ღია შეხვედრების დროს გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით. ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაზე გააკეთა ძირითადი აქცენტები თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა.

„მე, როგორც ფინანსთა მინისტრი, პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ნებისმიერი გამოწვევისას, პირველ ადგილზე დავაყენებ ფისკალური დისციპლინისა და შესაბამისად, ფისკალური სტაბილურობის დაცვას“, – განაცხადა მან და ყურადღება გაამახვილა ფისკალური პოლიტიკის მნიშვნელობაზე, აღნიშნა რა, რომ სწორი ფისკალური პოლიტიკა მთავრობის ერთადერთი ინსტრუმენტია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, ბოლო წლებში მშპ-სთან მიმართებით შემცირდა მიმდინარე ხარჯების მოცულობა. შედეგად, გაიზარდა მთავრობის დანაზოგები და შესაძლებელი გახდა მეტი რესურსის მიმართვა სახელმწიფო ინვესტიციებისკენ.

„ბუნებრივია, ნებისმიერი სამინისტროს თუ სექტორის სურვილები და საჭიროებები ყოველთვის აღემატება ბიუჯეტის შესაძლებლობებს. თუმცა, აუცილებელია და ფინანსთა სამინისტროს როლიც სწორედ ესაა, რომ მოხდეს რესურსებისა და საჭიროებების დაბალანსება. ერთი მხრივ, მაქსიმალურად სწორად და სამართლიანად უნდა გადანაწილდეს არსებული რესურსები და მეორე მხრივ, უნდა შევინარჩუნოთ დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი. ეს აუცილებელია, რათა ჩვენმა დღევანდელმა საჭიროებებმა არ შექმნას მომავალში ქვეყნის ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, როგორც კი ამა თუ იმ ქვეყანაში იზრდება მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები, კერძო სექტორი არათუ ინვესტიციებზე ფიქრს წყვეტს, არამედ იწყებს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და შემდეგ ხშირად წლებია საჭირო საწყის ნიშნულზე დასაბრუნებლად. როგორც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, 2019 წლის 8 თვის ფაქტობრივი მონაცემებით გადაჭარბებით შესრულდა პროგნოზირებული შემოსავლების ყველა კატეგორია და წლევანდელი წელი პროექტების განხორციელების კუთხით უპრეცედენტო იქნება.

„1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, კაპიტალური პროექტების დაფინანსების ნაწილში შესრულება შეადგენს 2 038,0 მლნ ლარს, რაც 628,0 მლნ ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროექტის შემთხვევაში, მეტწილად ობიექტური მიზეზების გამო, გვექნება გარკვეული აუთვისებლობები, ვფიქრობ, წლევანდელი წელი პროექტების განხორციელების კუთხით, უპრეცედენტო იქნება. აღსანიშნავია, რომ ათვისების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია არამხოლოდ ცენტრალურ დონეზე, არამედ მუნიციპალიტეტებში, სადაც გასულ წელთან შედარებით გვაქვს 40%-იანი ზრდა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში პარლამენტში ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება დამატებითი თანხების გამოყოფა იმ მუნიციპალური პროექტებისთვის, რომელთა დასრულება დაგეგმილი იყო 2020 წელს. მისივე თქმით, პროექტების შესრულების მაღალი ტემპის გათვალისწინებით მათი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა შესაძლებელი. ივანე მაჭავარიანმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. როგორც მან აღნიშნა, 1-ლი სექტემბრიდან უკვე ძალაშია ახალი საბაჟო კოდექსი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საბაჟო პროცედურები. მისი თქმით, ასევე, მომზადებულია და მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის საჯარო განხილვები.

„ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება საშუალებას მისცემს მეწარმეებს დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრობის კანდიდატების გამოსვლის შემდეგ, კომიტეტების გაერთიანებული სხდომა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და კომიტეტების წევრებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. სხდომის დასასრულს კენჭისყრა გაიმართა, რის შედეგადაც, კომიტეტების წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.

Visited 53 times, 1 visit(s) today