ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს მაღალმთიან სოფლებში, ბაკოს, მთის უბანსა და ზემო და ქვემო თხილვანაში რამდენიმე საათში აღდგება მოძრაობა. აღნიშნულ სოფლებში მისვლა შეუძლებელი იყო. გუშინ ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარემ სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო.
„ეს მდინარე ხშირად გადმოდის კალაპოტიდან და მიაქვს ხიდი. აქ არ არის კაპიტალური ხიდი აგებული, რადგან რელიეფიდან გამომდინარე ვერ ხერხდება და ყოველთვის დროებითი ნაგებობაა. გუშინ ჩვენ ავედით იქ, მობილიზებული იყო ტექნიკა, მაგრამ წვიმისა და ადიდებული მდინარის გამო ვერ შევიდა“, – განაცხადა ბაუჩაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ტექნიკა მუშაობს და რამდენიმე საათში აღდგება მოძრაობა.