ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

05/09/2017

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა. ხანძრის კერებთან მაშველთა ჯგუფი გავიდა. შავნაბადას მთაზე ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში დღეს თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება შსს-ს ვერტმფრენი. ნასოფლარის დასახლებასთან, მდინარე ჩუდურაულთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა წყლის ავზის შესაქმნელად, რათა ვერტმფრენმა წყლის აღება ყველაზე ახლომდებარე ადგილიდან შეძლოს. მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, თურქულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. “მაშველები გასულები არიან ხანძრის უშუალო კერებისაკენ. ხეობაში ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფი იმყოფება. დავიწყეთ გზის გაჭრა. შესაბამისად მიყვება მათ ჩვენი მაშველები. უშუალოდ ცეცხლთან მივა ჩვენი ტექნიკა და მიეცემა შესაძლებლობა, რომ ადგილზე უშუალოდ იმუშაონ. დღის გამვლობაში თუ ქარი არ ამოვარდება მოვახერხებთ ცეცხლის ლოკლიზებას. ვფიქრობ, ეს რესურსი საკმარისია. ჩვენ გუშინ ხანძრის კერები ვერტმფრენებიდან დავათვალიერეთ. ვერტმფრენით გადავსვით 30 მეხანძრე უშუალოდ რთულად მისასველ ადგილებთან, რამაც კარგი შედეგი გამოიღო” – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ხულოში, შავნაბადას ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში ხანძარი 3 სექტემბერს გაჩნდა. ხანძრის კერები დაფიქსირებულია 4 ლოკაციაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0