ჯანდაცვის მინისტრმა მოძრავი ამბულატორია დაათვალიერა

25/06/2016

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან ერთად ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებული მოძრავი ამბულატორია დაათვალიერა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ სტატისტიკას გაეცნო. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია ამბულატორიის მუშაობის შესახებ.

უკვე ორი დღეა, მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტზე სკრინინგიც ტარდება. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება ყველა მსურველს, ყოველდღე, 10-დან 14:00 საათამდე შეუძლია. ამ დროისთვის, სკრინინგში 34 ადამიანი ჩაერთო.
ჯანდაცვის სამინისტრომ მოძრავი ამბულატორია საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, ბათუმის ძველ ბულვარში, 7 ივნისს განათავსა. ის ყოველდღიურად, 10:00-დან 22:00 საათამდე ფუნქციონირებს და მედპერსონალი პაციენტებს პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევს. დღემდე, სამედიცინო მომსახურება 51 ადამიანს გაეწია.

ამბულატორია ბათუმის ძველ ბულვარში საკურორტო სეზონის დასრულებამდე დარჩება. სამომავლოდ კი საკურორტო ზონებში სეზონურად განთავსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0