ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციური კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა

06/03/2023

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციური კოდექსის“ პროექტზე იმსჯელა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განმარტებით, პენიტენციური კოდექსის მიღებით ერთ საკანონმდებლო აქტში მოექცევა მოქმედი პატიმრობის კოდექსითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული საკითხები, დაზუსტდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული ზოგიერთი რეგულაცია, ასევე გაუმჯობესდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები. მისი თქმით, გაუქმდება სამსახურის სპეციალურ და სამოქალაქო დანაყოფებად დაყოფა; გაფართოვდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე; მოწესრიგდება მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხი. ყველა მოსამსახურე მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს; 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორციელდება; შესაძლებელი იქნება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრების წარმოება ელექტრონული ფორმით; ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით, პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ.

„ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტზე მუშაობის პროცესში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა სახალხო დამცველის აპარატთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან. აღნიშნული კონსულტაციების ფარგლებში კოდექსის პროექტის ძირითადი პრინციპებისა და შინაარსის განხილვას რამდენიმე ერთობლივი და ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრა დაეთმო, რომელთა ფარგლებშიც მოხდა კანონპროექტის ძირითად პრინციპებზე შეჯერება“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0