ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართა

28/07/2017

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა – საქართველოს გამოცდილება“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. კონფერენციაზე C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას გაეცნენ და ქვეყანაში მიმდინარე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის ეტაპობრივი შეფასება გაკეთდა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ელიმინაციის პროექტი მნიშვნელობით ქვეყნის მასშტაბებს გასცდა. „ეს პროექტი ბევრად მნიშვნელოვანი გახდა, რადგან მრავალი ქვეყნის ინტერესის სფეროა. ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსული, რათა ნახონ, შეისწავლონ და შეძლებისდაგვარად გამოიყენონ თავიანთ ქვეყნებში.“ დავით სერგეენკომ მოსახლეობას უფასო სწრაფი-მარტივი ტესტის ჩატარებისკენაც მოუწოდა. „ქვეყანაში დარჩენილია ასი ათასი ადამიანი, რომელსაც აქვს ეს დაავადება და ამის შესახებ არ იცის, ამიტომ ყველას ვთხოვ, გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა და ჩაიტარონ ე.წ. სკრინინგული კვლევა,“- აღნიშნა მან. საქართველოში აშშ-ის ელჩის შეფასებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, აშშ-ის მიერ ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებს შორის. „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ხდება ამ პროგრამის განხორციელება, რომელიც მიმართულია ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. საქართველო ამ საქმეში ნამდვილად არის ლიდერი და პირველი ქვეყანა, სადაც სრულად აღმოიფხვრება აღნიშნული დაავადება. აქ არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც, რომლებიც იზიარებენ საქართველოს გამოცდილებას,“- განაცხადა იან კელიმ. „საქართველოს მაგალითი არის მისაბაძი და ეს წარმატების ისტორიაა,“- ასე შეაფასა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის გადამდებ დაავადებათა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დივიზიონის დირექტორმა, ნედრეტ ემიროგლუმ საქართველოს გამოცდილება ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით. ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის პრეზიდენტის, ჩარლზ გორის განცხადებით, საქართველო უნდა გახდეს მისაბაძი მაგალითი სხვა ქვეყნებითვის – „სწორედ ეს გვჭირდება, რომ ჩემპიონმა ქვეყნებმა განაცხადონ – დიახ, ჩვენ შეგვიძლია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მაგალითი და მისი ძლიერი პოლიტიკური ნება შთამაგონებელი და მისაბაძი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, რათა მათაც განახორციელონ დაუყოვნებელი ქმედებები 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიზნით,“ – აღნიშნა მან. მსოფლიოში დაახლოებით 325 მლნ ადამიანს აქვს B და C ჰეპატიტების ქრონიკული ფორმა. 20 ინფიცირებულიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ ვირუსული ჰეპატიტის მატარებელი. საქართველოში კი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამნრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს – 150 ათასამდე ადამიანს აქვს. ამათგან100 000-ზე მეტმა ადამიანმა კი, ჯერ კიდევ არ იცის, რომ ინფიცირებულია. საქართველოში აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილში დაიწყო. ამ დრომდე, სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას 43 ათასზე მეტმა პაციენტმა მიმართა, დაახლოებით 40 ათასი ჩაერთო მკურნალობაში, 31 840 პაციენტმა კი დაასრულა მკურნალობის კურსი. ამავდროულად, ინფექციის მატარებელთა გამოვლენის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და მის რეგიონულ განყოფილებებში უფასო სკრინინგი მიმდინარეობს. 2017 წელს ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა დააარსა პროგრამა NOhep Visionaries, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს ცნობიერების ამაღლებისა და მსოფლიოში ელიმინაციის მისაღწევად საჭირო მიდგომების შემუშავების მიზნით აერთიანებს. C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის გაწეული შრომისთვის ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა პროგრამის მონაწილედ საქართველო, როგორც სხვა ქვეყნებისთვის სანიმუშო და მისაბაძი მაგალითი წარადგინა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0