​საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო-გერმანიის წელს გახსნის

20/04/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველო-გერმანიის წელს საზეიმოდ გახსნის. საზეიმო ღონისძიება სლოგანით – „მომავლის მეკვიდრეობა. საქართველო-გერმანიის წელი 2017“ თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართება.
გერმანია და საქართველო 2017 წელს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით, ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. 2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან.
ზემოხსენებული თარიღების აღსანიშნავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის, და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და ორგანიზებით, 2017 წელს, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში ჩატარდება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო წარსდგება საპატიო სტუმრის სტატუსით.
21 აპრილს 19:00 საათზე საზეიმო გახსნისთვის თბილისს ეწვევიან გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტი, პროფესორი კლაუს-დიტერ ლემანი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული კულტურის პოლიტიკის საკითხებში, მიხაელ რაიფენშტუელი.
თბილისის საკრებულოში საზეიმო ცერემონიას ასევე დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, საქართველოს მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და მოწვეული სტუმრები. ცერემონიის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ექსპოზიცია.
ბერლინი საქართველო-გერმანიის წლის გახნის საზეიმო ცერემონიას 26 აპრილს უმასპინძლებს. ღონისძიებას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გახსნიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0