​​საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წელთან დაკავშირებით მილოცვები გაცვალეს

07/09/2017

გიორგი მარგველაშვილმა და ემანუელ მაკრონმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული მილოცვები გაცვალეს.
,,მსურს სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულ-კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის, რამაც უზრუნველყო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა და განაპირობა ჩვენი სამხედრო კონტიგენტების ურთიერთთანადგომა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.
საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
,,საფრანგეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავენ. ეს ქმედება, საქართველოს მიერ მისი დამოუკიდებლობის აღდგენის ბუნებრივი გაგრძელება იყო; დამოუკიდებლობის, რომლის დაცვა დღეს, როგორც წარსულში, იმ კონკრეტული ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს.
მოხარული ვარ, რომ საფრანგეთი და საქართველო ავითარებენ დღეს საერთო ღორებულებებზე დაფუძნებულ მყარ და ხარისხიან ურთიერთობებს, და ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლები ყველა სფეროში დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყნებს.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამ მიმართულებით ჩემს სრულ ჩართულობასა და, ასევე, ჩემს ერთგულებაში, რომ საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და ევროკავშირთან მისი პარტნიორობის მხარდაჭერას მშვიდობის, სტაბილურობისა და მთელი რეგიონის განვითარების სასარგებლოდ“, – აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისალოც წერილში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0