17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 60-ვე საარჩევნო უბანზე შეადგინა 48.8%

17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 60-ვე საარჩევნო უბანზე შეადგინა 48.8% (23 485 ამომრჩეველი). როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

„რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმ ამომრჩევლების შესახებ, რომლებიც გადასატანი ყუთის მეშვეობით აძლევენ ხმას – საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც. იმ შემთხვევაში თუ გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 3 პროცენტს, ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიებმა მიიღეს კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილებები. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობა ეჭვქვეშ არ დამდგარა და არ გასაჩივრებულა.

რაც შეეხება უშუალოდ პროცესს – გადასატანი ყუთის სიაში არსებული ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით და ის საარჩევნო უბანზე მისვლის შემთხვევაში, ხმას ვეღარ მისცემს. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ ერთხელ“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

ანა მიქელაძემ ასევე აღნიშნა, რომ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ დამკვირვებელს, წარმომადგენელსა თუ მედიასაშუალებას.
რაც შეეხება ამ დროისათვის არსებულ ინფორმაციას საჩივრების შესახებ, პრეს-სპიკერის თქმით, ვანში, №13-ე საარჩევნო უბანზე და ხონში, №11-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეგისტრატორების მიერ დაიწერა ახსნა-განმარტებები. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 3 საჩივარი. საჩივრები კანონის შესაბამისად, დადგენილ ვადებში განიხილება.

“შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნების დახურვამდე დაახლოებით 2 საათია დარჩენილი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია”,-აღნიშნა ბრიფინგის ბოლოს ანა მიქელაძემ.

Visited 160 times, 1 visit(s) today