თავად იმ ჯგუფს უნდა ჰკითხოთ თუ რამდენად არიან მზად ისინი დარჩნენ ”ნაციონალურ მოძრაობაში”, – ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა, თუ როგორ წარმოუდგენია მას ორი დაპირისპირებული ჯგუფის ერთ პარტიაში მუშაობა.
”ეს თავად იმ ჯგუფს უნდა ჰკითხოთ თუ რამდენად არიან მზად ისინი დარჩნენ ”ნაციონალურ მოძრაობაში”, ეს ჯგუფი არის, რომელმაც აჟიოტაჟი ატეხა და რეალურად საბოტაჟით არის დაკავებული. ეს კითხვა არის მათთან. ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან ყრილობის შემდეგ ვაპირებთ თანამშრომლობას, რადგან ისინი არიან ჩვენი კოლეგები, მეგობრები და მათთან ერთად ბევრჯერ გვიბრძოლია”, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფი დაკავებულია მხოლოდ თანადებობის, გავლენისა და ინტერესების შენარჩუნებით.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი ყრილობამ მიიღოს გადაწყვეტილება მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მელია ამ კითხვას კონკრეტულად არ პასუხობს, თუმცა აცხადებს, რომ 20 იანვარი იქნება ”ნაციონალური მოძრაობის” განახლების დღე.
”ნაციონალური მოძრაობა” მიიღებს განახლებულ ენერგიას. ბუნებრივია, განისაზღვრება ახალი ხედვა, ბუნებრივია, თვისობრივად გადახალისდება ”ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ ეს არის ის საკითხები, რასაც ეწინააღმდეგება ეს მცირე ჯგუფი”, – განაცხადა მელიამ.
ამასთან, მან ყრილობის მოწინააღმდეგეებსაც მიმართა.
”7000 დელეგატი მოდის. მოგიწოდებთ, რომ მიიღოთ მონაწილეობა. თქვენი წინადადება დააყენეთ, თუ დაგიჭერენ მხარს, თქვენ გაიმარჯვებთ, თუ არა – მეორე მხარე. თუმცა მშვენივრად იციან, რომ ვერ გაიმარჯვებენ და დაიწყეს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით ბრალდებები”, – განაცხადა მელიამ.