2013 წლიდან დღეის ჩათვლით ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით მტკიცებულებების შეგროვებაზე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იუსტიციის მინისტრმა საქართველო-რუსეთის მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის დასკვნითი სხდომის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, 2013 წლიდან დღეის ჩათვლით ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით მტკიცებულებების შეგროვებაზე, შეკრებაზე, მათ სისტემატიზაციაზე. არაერთი მტკიცებულება მოვიპოვეთ თავიდან, აღვადგინეთ, შემოვიტანეთ, ჩამოვიტანეთ, სხვადასხვა უწყებიდან ამოვიღეთ იმისათვის, რომ შეგვძლებოდა, 23 მაისს, როდესაც ბოლო სხდომა გაიმართება სტრასბურგის წინაშე, საქართველო ყოფილიყო მტკიცებულებებით წელგამართული; იმისთვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ სამართლებრივად სასამართლოს წინაშე სამტკიცებელი რეალობა; რომ არა მხოლოდ ომის პერიოდში, არამედ ომის შემდეგ და მანამდეც, ბევრად ადრე, რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე და რომ საქართველოს ხელს უშლიდა თავისი იურისდიქციის გავრცელებაში. უფრო მეტიც, 12 აგვისტოს კონფლიქტის ზონის მიღმა, გორში, რუსეთმა ჩამოაგდო „ისკანდერი“, იარაღი, რომლის ფლობასაც უარყოფდა დღემდე. 23 მაისს ჩვენ ახალი მტკიცებულებებით ვაჩვენებთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ ეს ნამდვილად არ არის ფოტოშოპით გაკეთებული ფოტოები, როგორც რუსეთი ამტკიცებს, არამედ ჩვენ თვითონ გვაქვს ამ იარაღის ნამსხვრევები, რომელთაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. რუსეთი დიდხანს უმტკიცებდა ევროპულ სასამართლოს, რომ თითქოს ფიზიკური მტკიცებულება არ არსებობს. დღეს ის არსებობს. მტკიცებულება არსებობს, დღეს ის მოპოვებულია და წარდგენილია სასამართლოს წინაშე. მთლიანობაში 700-ზე მეტი ახალი მტკიცებულება იქნა წარდგენილი 2013 წლიდან დღემდე, რაც მე მაფიქრებინებს, რომ იმ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო, ეს დავა საქართველოს წარმატებით ძალიან მალე უნდა დასრულდეს“- განაცხადა წულუკიანმა.

Visited 151 times, 1 visit(s) today