2016 წლის მთავარ გამოწვევად ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ისე, როგორც გასულ წელს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ხელშეწყობა რჩება. მიმდინარე წელს დაახლოებით 6 მილიონი ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სანიაღვრე არხების მოწყობას, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას, მინი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაციას, ასევე მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობას. 2016 წელს ორი სრულიად ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება მუნიციპალიტეტში. გასული წლების განმავლობაში საავტომობილო გზების კეთილმოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ისეთ სოფლებში განხორციელდა, სადაც ათეულობით წლებია არ მოწესრიგებულა საგზაო ინფრასტრუქტურა. ტენდენცია ისევ გრძელდება. 2016 წელს გზების რეაბილიტაცია დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: ქვედა საზანო, ზორვეთი, ბოსლევი, კვალითი, კლდეეთი, წიფლავაკე, არგვეთა, ილემი. გზის საფარის მოწყობა ქალაქის ქუჩებზეც განხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა გიორგი ნიკოლაძის, გურამიშვილის, კვანტრიშვილის, გაჩეჩილაძის, უზნაძის, ნინოშვილის ქუჩებზე. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ახალი ეტაპი მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო.
2016 წელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე იქნება ორიენტირებული
Visited 211 times, 1 visit(s) today