2017-2020 წლების სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

01/09/2017

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2017-2020 წლების სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია შედგა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“. ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების გაძლიერება, განსაკუთრებით სოციალური და ეკონომიკური უფლებების კუთხით, სოციალურად დაუცველი ჯგუფების უფლებების დაცვა და თანასწორობის უზრუნველყოფა კომიტეტის სამოქმედო გეგმით დასახული ძირითადი მიმართულებებია.
აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტების პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მხარდაჭერით შედგა.
აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, დოროტა დლოუხი-სულიგამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, შომბი შარპმა.
„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას ვაცნობთ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც იქნება კომიტეტის მთავარი სახელმძღვანელო უახლოესი წლების მანძილზე. მაქსიმალურად შევეცადეთ მიგვეღო დახვეწილი, რეალისტური და სრულყოფილი დოკუმენტი, რისთვისაც ჩვენ სამუშაო ფორმატში არაერთი შეხვედრა მოვაწყვეთ სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, გავითვალისწინეთ და ავსახეთ მათი რეკომენდაციები. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავებაში. აქვე დავძენ, რომ პირადად მე, ჩემი კომიტეტის წევრებთან ერთად ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისთვის, რომ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ასახული თითოეული მიმართულება ბოლომდე იყოს შესრულებული, ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში იყოს კანონით დაცული და გარანტირებული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0