2020 წელს განათლების სისტემის ინფრასტრუქტურისთვის 280.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

13/11/2019

მომავალ წელს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა ახალი სკოლის მოდელის დანერგვისათვის საჭირო მიმართულებებზეც, რომლებიც ითვალისწინებს ახალი მიდგომების დანერგვასა და განვითარებას, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას და სხვა. როგორც მან აღნიშნა, მომავალ წელს ახალი სკოლის მოდელის პრინციპები დაინერგება 300-ზე მეტ სკოლაში, სადაც ჩაერთვება 140 ათასზე მეტი მოსწავლე და 12 ათასზე მეტი მასწავლებელი. განხორციელდება 70-ზე მეტი ახალი სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის სრული რეაბილიტაცია, 670-მდე საჯარო სკოლის რემონტი. 2020 წელს დასრულდება „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა თბილისსა და ბათუმში.
“2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე. პროგრამის მეშვეობით ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მიეცათ ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დატოვონ სისტემა, ამავე დროს, გამოთავისუფლდა საათები სერტიფიცირებული პედაგოგებისათვის და მნიშვნელოვნად გაიზარდა მოტივაცია პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის.

„მიმდინარე წლის ოქტომბერში 150 ლარით გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები. 2020 წელს ასევე, 150 ლარიანი ზრდაა გათვალისწინებული სტატუსიანი მასწავლებლებისთვის. 100 ლარით გაიზრდება შრომის ანაზღაურება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულებისთვისაც. ჯამურად, 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება, რაზეც დამატებით 140 მლნ ლარამდე დაიხარჯება“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0