300-მდე ოჯახს დაუკანონდება ის ფართები, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ წლების მანძილზე

30/08/2021

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 300-მდე ოჯახს, მათ შორის, დევნილ ოჯახებს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები დაუკანონდებათ. აღნიშნული განკარგულების შესახებ, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, ნათია თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„300-მდე ოჯახს დაუკანონდება ის ფართები, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ წლების მანძილზე – ეს არის როგორც დევნილი მოსახლეობა, ასევე სოციალურად დაუცველი ადამიანები, ასევე, უბრალოდ, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ ამა თუ იმ ფართში და მას ვერ იკანონებდნენ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მათ გადავეცით ეს ფართები სიმბოლურ ფასად და დავუკანონეთ მათი საცხოვრებელი“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ის ფიზიკური პირები/ოჯახები, რომლებსაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები დაუკანონდებათ, მათ შორის, დევნილი ოჯახები, ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში, ზესტაფონსა და ბორჯომში. აღნიშნული სოციალური ჯგუფებისთვის ფართების დაკანონების შუამდგომლობით ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შუამდგომლობით მიმართეს შესაბამისი მუნიციპალიტეტების, კერძოდ, რუსთავის, ზესტაფონის, ბორჯომის მერიებმა, ხოლო დევნილების შემთხვევაში – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა მათ მიერ წარმოდგენილი, დასაბუთებული შუამდგომლობა და დასამტკიცებლად წარადგინა საქართველოს მთავრობის სხდომაზე. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს არ არის ერთჯერადი აქტი და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების განხილვა/დამტკიცება, მუნიციპალიტეტების შუამდგომლობის საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0