საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა და მას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კლინიკების წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრა საკამოდ ნაყოფიერი იყო და შეთანხმება მოხდა, რომ 5 დეკემბრიდან მთავრობის 520-ე დადგენილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც არსებულ ხარვეზებს შეისწავლის.
მიმდინარე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. დადგენილების ამოქმედების მიმართ კერძო კლინიკების წარმომადგენლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ისინი დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ დადგენილების ამოქმედების შემდეგ, რაც კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და საავადმყოფოებსაც ზარალი ადგებათ.