კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-16 სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს, თუ როგორ შესრულდა 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები. ასევე, იმსჯელეს ახალი, 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედოგეგმის შემუშავების შესახებ.
საბჭოს წევრი უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, რომლებიც მიმართული იყო კორუფციის პრევენციისა და მისი კრიმინალიზაციისკენ. უწყებების წარმომადგენლებმა მიღწეულ შედეგებთან ერთად ყურადღება გაამახვილეს საბჭოს წინაშე მდგარი გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ.
საბჭოს დღევანდელი სხდომის ფარგლებში განიხილეს „ღია მმართველობა – საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს დამტკიცდა.
ანტიკორუფციული საბჭოს სხდომას სამთავრობო უწყებების, პარლამენტის, სასამართლოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომა „USAID“-ის მხარდაჭერით გაიმართა.