8 მაისს თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

07/05/2016

საერთაშორისო მარათონ – „მსოფლიო რბენა“-სთან დაკავშირებით, 8 მაისს, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, კახეთში, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ განცხადებას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და კახეთის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.
საქველმოქმედო მარათონი Wings For Life World Run 8 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან, 15:00 საათზე გაიმართება. შემოსული თანხა Wings for Life-ის ფონდს გადაეცემა, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს აწარმოებს.
ღონისძიება 6 კონტინენტსა და 34 ლოკაციას აერთიანებს. “მსოფლიო რბენა” საქართველოში უკვე მესამე წელია, რაც იმართება.
რბენა მთელს მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს იწყება. გამოვლინდებიან ადგილობრივი და მსოფლიო გამარჯვებულები. საქართველოში გაიმარჯვებს ის ქალი და კაცი, რომელსაც ყველაზე ბოლოს დაეწევა „Catcher Car” – მოძრავი ფინიშის მანქანა; მსოფლიოს მასშტაბით გამარჯვებულები კი გახდებიან მორბენლები რეკორდული მაჩვენებლით ყველა ქვეყნის შედეგების გათვალისწინებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0