ვარკეთილის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა

პარლამენტის წევრის, სამგორის N11 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი მოსიძის ინიციატივით, 14-16 ივლისს ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქველმოქმედო აქცია – უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები მიმდინარეობს.
სამედიცინო კლინიკა „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ სამედიცინო პერსონალი თანამედროვე სტანდარტების აპარატურის გამოყენებით, ვარკეთილში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და საპენსიო ასაკის მქონე მოსახლეობას უფასო კვლევები და კონსულტაციები უტარდებათ.
„ვარკეთილში, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სამი დღის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, აქციის მონაწილეები, უფასო სამედიცინო კვლევებით და კონსულტაციებით ისარგებლებენ. პირველ რიგში ეს საქველმოქმედო აქცია სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს მოემსახურება, თუმცა ყველა შეჭირვებულს, ვისაც ჭირდება ჩვენი დახმარება ის აუცილებლად გაეწევა და ეს აქცია მომავალშიც აუცილებლად გაიმართება“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, პარლამენტის წევრმა გიორგი მოსიძემ.
საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო თბილისის ზღვის ჰოსპიტალში განთავსებული „სახალხო აფთიაქიც“. აქციის მონაწილეებს, მედიკამენტების შეძენისას 25%-იანი ფასდაკლების ბარათები გადაეცათ.

Visited 138 times, 1 visit(s) today