მიმდინარე წლის ივლისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა არქეოლოგიური და საკონსერვაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო მსხალგორში მდებარე არქიტექტურულ კომპლექსზე ,არქეოლოგიურ სამუშოებში ასევე ჩართული იყვნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები. არქეოლოგიური სამუშაოები წარიმართა ორ უბანზე: წმ. გიორგის ტაძრის ჩრდილოეთ მინაშენში, სადაც აღმოჩნდა ქვის ყორეკედლიანი სამარხი. მასში დაკრძალული იყო ორი მიცვალებული ერთმანეთზე.აღნიშნული სამარხის აღმოჩენამ მინაშენში, დაადასტურა სპეციალისტთა მოსაზრება, იმის თაობაზედ, რომ ჩრდილოეთის მინაშენი ეკვდერს წარმოადგენდა.
მეორე უბანზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა გამოავლინა სრულიად ახალი ტაძარი, რომელსაც სამხრეთით აქვს ეკვდერი. ეკვდერის ნახევარწრიული აბსიდის წინ აღმოჩნდა კარგად დამუშავებული ქვის ფილებით ნაგები სამარხი, რომელშიც ერთი მამაკაცი იყო დაკრძალული. ტაძარი მოგვიანებით გადაკეთებულია: გაზრდილი და ამაღლებულია საკურთხეველი, ამოშენებულია კანკელი. ტაძარსა და ეკვდერს, აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს ერთნავიანი საწნახელი, რომლის გაწმენდა 2016 წლის არქეოლოგიური სამუშაოების დროს მოხდა. როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, ტაძარი თავიდანვე საძვალე სამლოცველოდ იყო ჩაფიქრებული, რომლისთვისაც საბარძიმე ღვინო ტაძრის კედელზე მიდგმულ საწნახელში იწურებოდა. ამჟამად ტაძრის მხოლოდ ნაწილია შესწავლილი. მისი სრული კვლევა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მომდევნო წელს აქვს დაგეგმილი.
გარდა არქეოლოგიური სამუშაოებისა, კომპლექსზე წელს დაიწყო საკონსერვაციო სამუშაოებიც. ამ ეტაპზე მოხდა კომპლექსში შემავალი ორნავიანი საწნახლის კონსერვაცია.