ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შედეგების შესახებ.
საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. პროცესს აკვირდებოდნენ 4 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები, რომლებიც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომპიუტერების საშუალებით კომისიის სხდომაზე უშუალოდ ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში აკვირდებოდნენ წევრების არჩევის მიმდინარეობას. ინფორმაცია დროებითი წევრების არჩევისა და სახელობითი კენჭისყრის შედეგების შესახებ ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.
საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით ცესკომ, არჩევნების დანიშვნისთანავე, 22 აგვისტოს გამოაცხადა 2 დღიანი კონკურსი და შესაბამისი განკარგულება კონკურსის შესახებ დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ცესკოს ვებგვერდზე . 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 134 განაცხადი შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ 38 (52%) საარჩევნო ოლქში დარეგისტრირდა მხოლოდ თითო კანდიდატი, 19 საარჩევნო ოლქში – ორ-ორი (26%), ხოლო დანარჩენ 16 (22%) საარჩევნო ოლქში – სამი და მეტი კანდიდატი.
კონკურსში 88 (66%) ქალი და 46 (34%) კაცი მონაწილეობდა, ხოლო არჩეულ იქნა – 39 (53%) ქალი და 34 (47%) კაცი.
აღსანიშნავია, რომ 73 არჩეული დროებითი წევრიდან 72-ს (99%) აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, ხოლო მათ შორის 3 (4%) პირს – ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებში.
მხოლოდ ერთი არჩეული წევრია ისეთი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო სფეროში გამოცდილება, თუმცა ფლობს საარჩევნო მოხელის სერტიფიკატს, პროფესიით არის სამართალმცოდნე და 2017 წელს გაიარა ცესკოს ”საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები”.
აღსანიშნავია, რომ 73 არჩეული დროებითი წევრიდან 43 (59%) მათგანს აქვს მხოლოდ პროფესიული ნიშნით არჩეული საარჩევნო ადმინისტრატორის გამოცდილება, ხოლო 30 (41%) არჩეული წევრი სხვადასხვა არჩევნებზე წარმოდგენილი იყო როგორც პარტიის მიერ ნომინირებული საარჩევნო მოხელე (იხილეთ პარტიების ჩამონათვალი[1]). ამასთან, აღნიშნული 30 წევრიდან, 19 წევრს ასევე აქვს ბოლო რამდენიმე არჩევნებზე პროფესიული ნიშნით არჩეულ საარჩევნო მოხელედ მუშაობის გამოცდილებაც.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (13 წევრიდან 7 ან/და მეტი ხმა), ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით 1 წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით. დანარჩენ 7 წევრს კი საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრული პარტიები ნიშნავენ. შესაბამისად, სულ 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 949 წევრიდან პროფესიული ნიშნით 438 (46%) ცესკოს მიერ არჩეული, ხოლო 511 (54%) პარტიების მიერ დანიშნული წევრია.
[1] კონსერვატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატები, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, ლეიბორისტული პარტია, ეროვნული ფორუმი, რესპუბლიკური პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა.
საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდა
27/08/2017