ოტავაში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალზე საქართველოს ისტორიიდან ფრაგმენტები აისახება

06/11/2017

ოტავაში, კანადის ეროვნული ბიბლიოთეკისა და არქივის შენობაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობამ, ევროპის სხვა სახელმწიფოებთან ერთად მემორიალის მშენებლობის თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა, რითიც საქართველო კანადის დედაქალაქის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობის დონორი გახდა.
ცერემონიას, კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრო. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა კანადის მემკვიდრეობის მინისტრმა მელანი ჯოლიმ და პროექტის ავტორმა, ლუდვიკ კლიმკოვსკიმ, რომელმაც საქართველოს მთავრობას და პროექტში ჩართულ სხვა ევროპულ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის.
კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალზე, გამოსახული იქნება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1917 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათი გასაბჭოების პროცესი, რეპრესიები და თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია.
მემორიალზე დაიტანება მნიშვნელოვანი თარიღები საქართველოს ისტორიიდან, მაგალითად: 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყების ჩახშობა, 1978 წელს ქართული ენის დასაცავად დაწყებული მასობრივი გამოსვლები, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა, 2008 წლის რუსული აგრესია და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. მემორიალში ჩამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით, საქართველოს შესახებ ინფორმაცია ჩაიტვირთება დამთვალიერებლების მობილურ ტელეფონებში.
მემორიალის მშენებლობის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრნენ პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები და კანადის მთავრობის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0