გიორგი კვირიკაშვილმა ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრ – „თუმო“-ს ეწვია. საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრი ახალგაზრდებს ციფრული ტექნოლოგიებისა და დიზაინის 14 სამიზნე მიმართულებას სთავაზობს, მათ შორისაა: ანიმაცია, ვებ-დიზაინი, კინემატოგრაფია, მუსიკა, გრაფიკული კომპიუტერული თამაშები და სხვა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მზად არის, ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყოს ხელი. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრ „თუმო“-ს კონცეფცია საქართველოს „ტექნოპარკის“ კონცეფციის მსგავსია, რომელიც ქვეყანაში ინოვაციური წარმოების შექმნასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ ეს იქნება სომხურ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. პრემიერმა ყურადღება მთავრობების მხრიდან მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობაზე გაამახვილა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს საქართველოს დელეგაცია სტუმრობდა.

Visited 112 times, 1 visit(s) today