14 მარტს დაიწყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საუდის არაბეთის სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, მოჰამმად აბდულლაჰ ალ-ჯადაანმა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
აღნიშნული შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში განვითარებული მოვლენები და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნესგარემოს, იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში ხელს უწყობენ ბიზნესის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შესახებ, რაც გამოიხატება საქართველოში საუდის არაბეთიდან ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორობა, ხელს შეუწყობს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.