ბათუმი ჭადრაკში ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს მასპინძლობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში“ გამართულ ჭადრაკში ევროპის მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენი ზურაბ აზმაიფარაშვილი, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია ,,ფიდეს“ დირექტორთა საბჭოს წევრი ჯერსი ბორგი, აჭარის ა/რ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა, ხაზი გაუსვა მსგავსი ფორმატის ღონისძიებების ჩატარების მნიშვნლობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარების საქმეში და ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. ზურაბ პატარაძემ ისაუბრა ასევე უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიების – ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის შესახებ, რომელიც სექტემბრის ბოლოს ბათუმში გაიმართება. ოლიმპიადი ფარგლებში აჭარა 189 ქვეყნის დელეგატს უმასპინძლებს, რაც მნიშვნელოვნ როლს შეასრულებს ქვეყნისა და ქალაქის ცნობადობის გაზრდაში, ასევე სპორტული ტურიზმის განვითარებაში.
ტურნირში მსოფლიოს 34 ქვეყნის 311 წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს. მსოფლიო თასის საგზურისთვის საქართველოს სახელით 32 მოჭადრაკე იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა. აღსანიშნავია, რომ ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს კონტინენტის პირველობას, პირველად მსგავსი შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა.
ევროპის რიგით მე-19 ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის 28 მარტამდე გაგრძელდება.

Visited 210 times, 1 visit(s) today