10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტი დაინერგება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. კახა კალაძის თქმით, 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტი დაინერგება, რომელიც სამსახურში არსებული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული. როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, უკვე შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები არსებული სისტემური პრობლემების დასაძლევად.

„დღეს მინდა ვისაუბრო არქიტექტურის სამსახურში არსებულ გამოწვევებზე, რომლის ადრესატები, ძირითადად, ბიზნეს სექტორი და არქიტექტურის სფეროში მომუშავე ადამიანები არიან. ჩვენ მიერ გამოვლენილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, ყველა ის მიზეზი, რომელიც ამ პრობლემების გამომწვევია და შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები და მექანიზმები მათ დასაძლევად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ იმ კონკრეტულ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელიც არქიტექტურის სამსახურის მუშაობას აფერხებდა.

„ეს იყო მომსახურების ვადების სისტემატური დარღვევა, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები, ერთი და იგივე საკითხის რამდენჯერმე დახარვეზება, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარებულია, ნაწილი მოგვარების პროცესშია. ახალი სტანდარტის დანერგვით დავიწყებთ იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში. ჩვენ თვალს არასოდეს დავხუჭავთ იმ პრობლემებზე, რომელიც საქალაქო სამსახურებში არსებობს და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართული იქნება იმისკენ, რომ ყველა ეს სერვისი გაუმჯობესდეს და ყველა ის გამოწვევა, რომელიც არსებობს, მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ღონისძიება დედაქალაქის მთავრობის იმ სტრუქტურული რეფორმის ნაწილია, რომლის მიზანი მუნიციპალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა.
დედაქალაქის მერი მეტროს მემანქანეების დაანონსებულ გაფიცვის ღონისძიებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 3 მაისს და მომდევნო დღეებშიც მეტრო ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. მისი თქმით, პატივს სცემს თითოეული დასაქმებულის შრომას, თუმცა მისთვის მიუღებელია, რომ დასაქმებულები და პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არამარტო მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობასაც.

„ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამის შედეგად როგორც მოქალაქეების, ასევე, მუნიციპალიტეტის სისტემაში დასაქმებული ადამიანების შრომითი პირობების გაუმჯობესება. მე არასოდეს მივუდგები ინდივიდუალურად თანამშრომელთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს და არ მივიღებ მხოლოდ მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ვერ და არ მოხდება. ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის გაითვალისწინებს მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებულ თანამშრომლებს და ქალაქის მოსახლეობას. პატივს ვცემ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს. ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ ჩვენი ქალაქისთვის. ჯერ კიდევ არ მქონდა მუშაობა ოფიციალურად დაწყებული, როდესაც მივედი სატრანსპორტო კომპანიაში და დავუდასტურე მათ ჩემი პატივისცემა. კარგად მაქვს გაცნობიერებული და გააზრებული ამ ადამიანების შრომა, თუმცა ის დამოკიდებულება და მიდგომები, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, სრულებით მიუღებელია. მიუღებელია ისიც, რომ ეს ადამიანები და კონკრეტული პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მხოლოდ მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და დედაქალაქის მთავრობა. მინდა მკაფიოდ განვუცხადო ყველას, თქვენც, ვინც გაფიცვას აპირებთ და დაანონსებული გაქვთ და ასევე, დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს როგორც 3 მაისს, ასევე ნებისმიერ დღეებში და მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის მერია სპორტის 30-მდე სახეობაში დაკავებულ სპორტსმენებს სპორტული ინვენტარით და ეკიპირებით უზრუნველყოფს. კახა კალაძის თქმით, დაფინანსებას მიიღებენ ის სპორტული ფედერაციები და სპორტული კლუბები, რომელთა საქმიანობა სოციალური მიზნების განხორციელებისკენ არის ორიენტირებული. პროგრამის ბიუჯეტი 600 ათას ლარს შეადგენს.

„როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა სპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. შეიძლება ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვიდეს, თუმცა სპორტული ცხოვრება სხვა წარმატებების საწინდარია, ამიტომ მერია აქტიურ მუშაობას იწყებს მასობრივი სპორტისა და სხვადასხვა სპორტის სახეობების განვითარებაზე. ჩვენ ძალიან ბევრი ფედერაცია გვაქვს, მაგრამ მათ არ აქვთ იმის ელემენტარული შესაძლებლობა, რომ ეკიპირებით და სპორტული ინვენტარით იყვნენ აღჭურვილნი. ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან იქნება თანადგომა. ვფიქრობთ, პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისის ნაკრები გუნდების, კლუბების და სპორტსმენების პირობების გაუმჯობესებას, მასობრივი სპორტის განვითარებას და ამ მიმართულებით მეტი წარმატების მომსწრენი გავხდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სპორტის სახეობების ბიუჯეტი, რომლის დაფინანსებაზეც დღეს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, 320 ათას ლარს შეადგენს. ეს სახეობებია: სამბო, კრივი, საცხენესნო, სროლა, ჭიდაობა, ჩოგბურთი, ფრენბურთი.
კახა კალაძე ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით საკრებულოს ინიციატივასაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ მას საზოგადოებაც მხარს დაუჭერს.

„თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა. მთლიანობაში 18 ლოკაცია დასახელდა. ერთ-ერთი გახლავთ ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება. ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ინიციატივის განხილვისთვის 20-დღიანი ვადაა განსაზღვრული, რის შემდეგაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

Visited 153 times, 1 visit(s) today