ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, ტერიტორიები თერმული ნისლის გამოყენებით კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში დამუშავდა. შეწამვლითი სამუშაოები უკვე დასრულდა დიდინეძში, ნარაზენში, შამგონაში, აბასთუმანში, ცაიშში, ცაცხვში, ორსანტიასა და ხეცერაში. შეწამვლითი სამუშაოების პარალელურად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საინფორმაციო შეხვედრების აქტიურად ატარებენ. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება, ინფორმაცია ვრცელდება მედიის საშუალებითაც. ამასთან სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი. ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში. დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: parosana.ge