კახეთში, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის 4 მონაკვეთზე, ჯამში 37,5 კილომეტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოს მიმდინარეობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები გაეცნენ. საპილოტე პროექტის (PBC-სამუშაოს შედეგზე ორიენტირებული კონტრაქტი) მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, იღებს ვალდებულებას განახორციელოს გზის მთელი მოცულობის მოვლა-შეკეთება, მათ შორის რეაბილიტაციისა და მისი შემდგომი მოვლა-შენახვის სამუშაო 5 წლის განმავლობაში.
კომპანია, პირველი 2 წლის განმავლობაში, გზების რეაბილიტაციას, მომდევნო სამი წელი კი მოვლა-შენახვის სამუშაოებს ჩაატარებს.
წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზაზე, რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია: გზის საფარის სრული რეაბილიტაცია; ასევე, წყალგამტარი მილების, ხელოვნური ნაგებობების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაო.
ამ გზაზე, 18 კილომეტრის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი სამუშაო აქტიურად გრძელდება.
PBC მოდელის შესაბამისად, კახეთის რეგიონში, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის, ილიაწმინდა-ბოდბე-გამარჯვებისა და ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას გზებზე სულ 117 კილომეტრის რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა განხორციელდება. პროექტი 2016 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 40 000 000 ლარია.
წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის გზაზე 37.5 კმ. გზა რეაბილიტირდება
31/05/2018