დარწმუნებული, რომ საბოლოოდ სამართალი აღსრულდება და ამის გარანტი არის ჩვენი გუნდი, რომელმაც უსამართლო რეჟიმი დაამარცხა

„კომისია უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება კონკრეტულ საქმეზე. არავითარი სუბიექტური ინტერესი ხელისუფლებას ამ საქმესთან მიმართებით არ აქვს – ერთადერთი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ გაირკვეს ამ საქმის თითოეული დეტალი“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოზარდა მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ გარდაცვლილი არასრულწლოვნების ოჯახებსა და ახლობლებს თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, დღეს, სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა კითხვის ნიშნები დატოვა.

„ერთ მსჯავრდებულთან მიმართებით დადგა განაჩენი დასრულებულ დანაშაულთან დაკავშირებით, მეორეს მიმართ, მცდელობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, არის კითხვა ღია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის დამნაშავე კონკრეტულად, რა პირთა წრე არის დამნაშავე ამ კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. ამ კითხვას, ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს, გრძელდება სასამართლოში საქმის განხილვა, თუმცა, ჩვენ გვაქვს მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენი ბერკეტი გამოვიყენოთ, საგამოძიებო კომისია გამოვიყენოთ ამ საკითხებში ჩასაძიებლად და ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა ეს მექანიზმი აუცილებლად უნდა გამოიყენოს – ეს არის ჩემი პირადი პოზიცია“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, საქმე იმითაა გამორჩეული, რომ 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლებას სისხლის სამართლის საქმეების მიმართ არავითარი სუბიექტური ინტერესები არ აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისთვის პრინციპულად მიუღებელია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შედარება გირგვლიანის საქმესთან. მისი განმარტებით, ასეთი შედარებები მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებად შეიძლება ჩაითვალოს.

„ჩვენ გვესმოდა შედარებები გირგვლიანის საქმესთან, რაც არის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი. გირგვლიანის საქმე იყო საქმე, სადაც ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ. ეს იყო ნამდვილი შეთქმულება, ხელისუფლების შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებაში იყო ჩართული მთელი მაშინდელი სახელისუფლებო სპექტრი. ეს იყო ხელისუფლების დანაშაული, რომელიც ჩადენილ იქნა ერთი ადამიანის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაულთან, თუმცა, ეს არის სისხლისსამართლებრივი საქმე, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული სათანადო პროცედურების შესაბამისად და ჩვენი მთავარი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სათანადოდ აღსრულდეს სამართალი ამ საქმესთან დაკავშირებით. ყოველგვარი შედარება გირგვლიანის საქმესთან ან სხვა მსგავსი შედარებები უნდა ჩაითვალოს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებად და ჩვენ ასეთ სპეკულაციებს, ბუნებრივია, ვერ მივიღებთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„ბიუროს სხდომაზე, როგორც „ევროპული საქართველოს“, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, აღნიშნეს, რომ აუცილებელი იყო კომისიის შექმნა თუმცა, ახლა უკვე ვხედავთ განსხვავებულ რიტორიკას, მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია კომისიასთან დაკავშირებით, ამ ახალ პოზიციას წინ უსწრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც, ასე ვთქვათ, მოუწოდებს საზოგადოებას რადიკალიზმისკენ და რომელმაც ერთგვარი უნდობლობა გამოუცხადა საპარლამენტო კომისიას, რომელიც ჯერ არც არის შექმნილი. ამას მოჰყვა შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ განცხადებები. ისინი თავად იყვნენ ინიციატორები ამ საკითხი და დღეს ისინი საუბრობენ იმაზე, რომ უკვე გაუგებარია, რისთვის იქმნება, მათი გადმოსახედიდან, ეს კონკრეტული კომისია. აქვე იყო საუბარი კონკრეტული თანამდებობის პირების გადადგომაზე“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომისია კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გასაცემად იქმნება.

„ჩვენ ძალიან უცნაური მსჯელობა გვესმის, რომლის მიხედვითაც, დამნაშავეა პროკურატურა და მართალია სასამართლო. თქვენ გახსოვთ, რომ მთავარი დარტყმის საგანი ამ პოლიტიკური ძალების მხრიდან, ყოველთვის იყო ტრადიციულად სასამართლო. დღეს ისინი, სრულიად გაუგებარია და ძალიან უცნაური, მე ვიტყოდი, აპრიორი ნდობას უცხადებენ მოსამართლეს, რომელმაც გამოიტანა განაჩენი ამ საკითხთან დაკავშირებით და უნდობლობას უცხადებენ პროკურატურას. ამის უკან, ვფიქრობ, რომ არის ძალიან კარგად გამოკვეთილი პოლიტიკური ინტერესის ნიშნები, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენი ამოცანა არის, რომ ჭეშმარიტება გაირკვეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს უნდა იყოს კომისიის მუშაობის საგანი და არა პოლიტიკური სპეკულაციები, რის ნიშნებიც ასე ნათლად გამოიკვეთა, სამწუხაროდ, დღევანდელ გამოსვლებში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პროცესების უკან აშკარად იკვეთება პოლიტიკური ინტერესები.

„პოლიტიკური ინტერესი, ზოგადად, ამ პროცესების უკან, აშკარად ჩანს. ვინ არის ამ პროცესების ლიდერი- ეს ძალიან იკვეთება. ვახსენე უკვე ნიკა გვარამია, დღეს წავიკითხეთ კიდევ ერთი მისი განცხადება დღევანდელ განსახილველ საკითხთან, კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვთქვი, მან უნდობლობა გამოუცხადა, ნაცმოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ამ კომისიას, რასაც მოჰყვა შემდეგ უკვე ბატონი რომანის განცხადება. ბატონი გვარამია პირდაპირ მოუწოდებს ადამიანებს ერთგვარი აჯანყებისკენ, ეს არის ნიკა გვარამიას დღევანდელი პოზიცია, ასე ვთქვათ, შესაბამისად, ნაცმოძრაობის ერთერთი პოზიცია. მე შეგახსენებთ, კონკრეტულად ვინ არის ნიკა გვარამია. ნიკა გვარამია არის ის ადამიანი, რომელიც კონკრეტულად ფუთავდა 7 ნოემბრის საქმეს და კონკრეტულად ფუთავდა გირგვლიანის მკვლელობას მაშინდელი ხელისუფლებისთვის. ეს არის უბინძურესი ადამიანი, ნაცმოძრაობის ერთერთი უბინძურესი ლიდერი, რომელიც არის პირდაპირ პასუხისმგებელი ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ სისხლიან დანაშაულებზე. დღეს ეს ადამიანი, ასევე, სხვა წარმომადგენლები ნაცმოძრაობის, „რუსთავი 2“ იქ პირდაპირ ჩანს, როგორც ნაცმოძრაობის პიარ მანქანა. ქალბატონი ნანა ჟორჟოლიანი იყო ერთერთი სახე, რომელიც იყო წარმოდგენილი ნაცმოძრაობის სახელით ამ აქციებზე, ისინი პოლიტიკურად ერთვებიან ამ პროცესში და პირდაპირ იკვეთება პოლიტიკური ინტერესის ნიშნები, პოლიტიკური სპეკულირების ნიშანი. ეს რომ იყოს სხვა საქმე, ეს რომ არ იყოს დაღუპული ბავშვების საქმე, კიდევ რაღაც, ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება. ეს რომ არ იყოს დაღუპული ბავშვების საქმე, სისხლის სამართლის საქმით სპეკულირება კიდევ შეიძლებოდა რაღაც ჩარჩოებში ჩაგვესვა, მაგრამ როდესაც ნიკა გვარამია, ნანა ჟორჟოლიანი, მიხეილ სააკაშვილი-ეს უბინძურესი ადამიანები თავისი წარსულით, როდესაც ისინი ბავშვების ტრაგედიას და მათი მშობლების ტრაგედიას იყენებენ პოლიტიკური სპეკულირებისთვის, ეს არის ნამდვილად აღმაშფოთებელი. კიდევ ერთი-ზვიად კუპრავა, რომელიც არის მთავარი მედროშე ამ პროცესების, ზონდერი, რომელიც იყო ერთერთი სახე „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი 9 წლიანი რეჟიმის და რომელიც იყო შემოქმედი ერთერთი იმ დანაშაულების, რომელიც იყო ჩადენილი მაშინდელი ხელისუფლების მიერ. ეს არის ნამდვილად მიუღებელი. პოლიტიკური სპეკულირება ტრაგედიაზე არის ნამდვილად მიუღებელი. ნამდვილად არ მივცემთ არავის იმის საშუალებას, რომ არათუ რაიმე გადატრიალებაზე ან რაღაც ასეთზე ისაუბრონ, რაიმე ქულები დაიწერონ ამ ტრაგედიაზე. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი, ეს ბინძური ადამიანები ვერავითარ ქულებს ვერ დაიწერენ ვერავითარ ტრაგედიაზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ ხელისუფლების ერთადერთი ინტერესი ამ საქმის თითოეული დეტალის გარკვევაა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, სამართალი აღსრულდება.

„კომისია უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება კონკრეტულ საქმეზე. არავითარი სუბიექტური ინტერესი ხელისუფლებას ამ საქმესთან მიმართებით არ აქვს, ეს კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მინდა ვთქვა, შესაბამისად, ერთადერთი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ გაირკვეს თითოეული დეტალი ამ საქმის და გაირკვეს ის, თუ რა როგორ მოხდა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საბოლოოდ სამართალი აღსრულდება, ამ საქმეზე და ამის გარანტი არის ჩვენი გუნდი, რომელმაც დაამარცხა უსამართლო რეჟიმი და რომელმაც დაამკვიდრა სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი 2012 წლიდან და ამ მონაპოვარს ჩვენ განსაკუთრებულად და ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით. არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ შეეხოს იმ ღირებულებას, რასაც ჰქვია სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში. უსამართლობა და სიბინძურე ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს. ეს არის დღევანდელი რეალობა. მე მინდა გთხოვოთ, თითოეულ თქვენგანს, თქვენი შინაგანი რწმენით მხარი დაუჭიროთ ამ გადაწყვეტილებას კომისიის შექმნის თაობაზე“,- მიმართა დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 96 times, 1 visit(s) today