აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია

ჩემს გუნდს, ვისთან ერთადაც ავიღებ პასუხისმგებლობას სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე, ორ კვირაში წარვადგენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა.
მან არ დაასახელა, რომელ მინისტრებს შეეხება საკადრო ცვლილებები, ასევე, რომელი უწყებების მიმართულებით განხორციელდება სტრუქტურული რეორგანიზაცია.

„ჩვენ პარლამენტში მოვდივართ, რათა პარლამენტს ვთხოვოთ ნდობა, რომ წარმოვადგინოთ მცირე მთავრობის კონცეფცია, ვინაიდან სწორედ მცირე მთავრობის კონცეფციის საფუძველზე შევძლებთ იმ პროგრამის რეალიზაციას, რომელიც იქნა წარმოდგენილი. მინდა ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილო პროგრამაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას. პროგრამა სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს, მაგრამ იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ოპერატიული და ეფექტური, საჭიროა, რომ ჯერ მივიღოთ მცირე მთავრობის კონცეფცია და შედეგად დავიწყოთ წარმოდგენილი პროგრამის რეალიზაცია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან მინისტრები მომავალში, 2-3 კვირის თავზე, ბუნებრივია თქვენ და საზოგადოებას მე წარვუდგენ იმ გუნდს, ვისთანაც ერთად ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ პროგრამას შევასრულებ“, – განაცხადა ბახტაძემ.

იმისთვის, რომ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

“მე ნამდვილად არ მსურს, რომ ჩემი დღევანდელი შეხვედრა იყოს მონოტონურ რეჟიმში და სავსე მხოლოდ პოლიტიკური პოსტულატებით. ჩემი სურვილია, რომ კიდევ ერთხელ, თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად გავიაზროთ თუ რა გამოწვევებია დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე და რა უნდა იყოს ჩვენი ამოცანები, მიზნები და პოლიტიკა, რომ ამ გამოწვევებს ადეკვატურად და ეფექტურად ვუპასუხოთ. მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ჩემი შეხედულებით, იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია. საჭიროა იმდაგვარი მოდერნიზაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ უფრო ოპერატიულები ჩვენს გადაწყვეტილებებში, უფრო ეფექტურები და რაც მთავარია ვიყოთ ეფექტურები იმაში, რომ ვიდრე ამ გადაწყვეტილებიდან მიღებული სიკეთე მივა მოქალაქემდე, ეს დრო მაქსიმალურად იყოს დამოკლებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება აქტიური პოლიტიკა რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოქნილი, მაგრამ ამავე დროს მცირე ზომის სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ამოცანის შესრულებას“, – განაცხადა ბახტაძემ.

Visited 106 times, 1 visit(s) today