პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე სხდომა ხვალ, 20 ივნისს გაიმართება.
„გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის აქტი – განკარგულება 2018 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საქართველოს პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად. სხდომა ხვალ, 20 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, განსახილველ და კენჭსაყრელ საკითხს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობის გამოცხადება.
„მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პირველი მოსმენისთვის დადგენილი წესით განიხილება. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. შემდეგ გადავალთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, შემდეგ იქნება უკვე შესაბამისი გამოსვლები, როგორც არის გათვალისწინებული- კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა და დასკვნითი სიტყვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.