პარლამენტის ბიურომ რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში რამდენიმე ცვლილება შეიტანა

პარლამენტის ბიურომ რიგგარეშე სესიის 5 ივლისის სხდომის დღის წესრიგში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. კერძოდ, დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს. შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს 10 სამინისტროს არსებობას ნაცვლად 13 სამინისტროსი. კანონპროექტებით განსაზღვრულია შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და უფლებამონაცვლეობის საკითხები. საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

დღის წესრიგს, ასევე დაემატა კანონპროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილებების თანახმად, „პოლიციის შესახებ“ კანონიდან ხდება იმ დებულების ამოღება, რომელიც ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. კანონპროექტები სხდომაზე მეორე მოსმენით იქნება განხილული.

Visited 141 times, 1 visit(s) today