სივრცითი დაგეგმარების პროცესის ეფექტურობისთვის საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სივრცითი დაგეგმარების პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

“სამინისტროში გადმოვიდა სივრცითი დაგეგმარების ფუნქცია და ჩვენ ბუნებრივია ვეცდებით მაქსიმალურად ორგანულად განვითარდეს ეს ფუნქცია რეგიონების განვითარების სტრატეგიების ჭრილში”, – განაცხადა რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
კანდიდატის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტაციის შემუშავება ახმეტის, თუშეთის, რაჭის, უშგულის მუნიციპალიტეტებში, კურორტ ლებარდეზე. ასევე დასკვნით ეტაპზეა მცხეთის გენგეგმის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსი. “ბუნებრივია ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ როგორც ექსპერტების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით.
ამ მიზნით, ვფიქრობთ სამინისტროში შევქმნათ საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში რათა შევქმნათ თითოეულ ამ დასახლებაში და ეკონომიკურად საინტერესო რეგიონებში ის განვითარების გეგმები, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონების სწორ და მდგრად განვითარებას ყოველგვარი ქაოტური განაშენიანების გარეშე”, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მაია ცქიტიშვილმა, დეპუტატ გიგა ბოკერიას მეირ დასმულ შეკითხვას, უწყებაში კორუფციის რისკებსა და საჯარო სექტორიდან თანამდებობის პირების კერძო კომპანიებში გადასვლის პრაქტიკასთან დაკავშირებით უპასუხა.

„ეს პრაქტიკა, ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლები პრობლემაა. მე უფრო ის რისკები მაინტერესებს, რომლებიც დასაცავი და გამოსაკვლევია, უფრო სწორად, რომლის შეზღუდვა და აღმოფხვრაა საჭირო. ალბათ უფრო საინტერესოა რატომ ხდებოდა საპროექტო გადაწყვეტილებების შეცვლა. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ – ხომ არ აისახება კონკრეტული ცვლილება ხარისხსა და ფასზე, ვინაიდან თუ ფასი მცირდება, ეს მოგება სახელწიფომ უნდა მიიღოს და არა კონტრაქტორმა. არის სხვა მსგავსი პროცესები, სადაც დამეთანხმებით, არის კორუფციული რისკები. ასევე, არსებობს ეგრეთწოდებული – „variation order”- ები უცხოურ კონტრაქტებში. სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტებში ფასის ვარირება ათი პროცენტით არის შეზღუდული და ამიტომ აქ რისკები ნაკლებია, დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში კი ეს რისკები მეტია. ჩვენი ახალი მიდგომით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს მივიღებთ მხოლოდ რეალური საჭიროების შემთხვევებში. ჩემს მიერ არაერთხელ ნახსენები ტექნიკური საბჭო, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, იქნება ჩვენი დამცავი მექანიზმი იმისათვის, რომ ეს პროცესები წარიმართოს ობიექტურად“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Visited 171 times, 1 visit(s) today