ტურიზმის ელჩის შესახებ კონცეფცია მუშავდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის ა.რ. მთავრობამ განიხილა განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთვის წარდგენას. ორი კვარტლის შესრულების ანგარიში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა.
აჭარის ა.რ. მთავრობამ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება „სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 17 მაისის N12 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განმარტა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის რეალურად ამოქმედება მოცემულ ეტაპზე არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად, რადგან, როგორც დაწესებულების შენახვისათვის საჭირო საბიუჯეტო ხარჯების დამატებითმა გათვლებმა ცხადყო, მოცემულ ეტაპზე მსგავსი ტიპის დაწესებულების უპირობოდ შექმნისა და ფუნქციონირების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.
აჭარის ა.რ. მთავრობის სხდომაზე მიიღეს ასევე განკარგულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შექმნილი 6 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელთა ვაკანტურ თანამდებობაზე საჯარო კონკურსის გამოცხადების შესახებ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე აჭარაში მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ორი კვარტლის მაჩვენებლით საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 23%-იანი მატება გვაქვს, ბათუმის აეროპორტში კი 46%-იანი ზრდა.

„არსებული მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი ამ მხრივ იქნება უპრეცედენტო“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის ელჩის ინიციატივის შესახებ ისაუბრა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია. „ჩვენ სამიზნე ქვეყნებში გვეყოლება ტურიზმის ელჩები, რომელიც დაგვეხმარებიან მარკეტინგული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში, რადგან მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ჩვენს შესახებ. უახლოეს პერიოდში გვექნება პრეზენტაცია აღნიშნული პროექტის. ეს ასევე იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელი, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო განვითარებას და მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ ტურისტს აჭარაში“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

Visited 137 times, 1 visit(s) today