ამბროლაურში კომპანია “შატრო ველი” ღვინის საწარმოს აშენებს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ხვანჭკარის მიკროზონაში კიდევ ერთი ახალი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო შენდება. კომპანია „შატრო ველი“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ქარხანას სოფელ სადმელში აშენებს. სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. ახალი საწარმოს მშენებლობის პროცესი გუბერნატორმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე დანადგარებით, ლაბორატორიით და ღვინის ჩამოსასხმელი ხაზით. აქ წარმოებული პროდუქცია სასაქონლო სახეს ადგილზე მიიღებს. პირველ ეტაპზე იგეგმება ორი სახის ღვინის – „ხვანჭკარას“ და „ოჯალეშის“ ჩამოსხმას.
კომპანია წლევანდელ რთველზე ადგილობრივი ფერმერებისგან 50 ტონა ყურძნის შესყიდვას გეგმავს, ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდგომ კი სეზონურად 100 ტონა ყურძენს გადაამუშავებს. საწარმოს მშენებლობა და აღჭურვა, რომლის ჯამური ღირებულება 1 550 000 ლარს შეადგენს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროგრამის“, “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში მიღებული დაფინანსებით და დამფუძნებელთა თანაინვესტირებით ხორციელდება.

Visited 476 times, 1 visit(s) today