ლიეტუვის რესპუბლიკის შირვინტუსის მუნიციპალიტეტის ოფიციალური დელეგაცია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს – ირაკლი ქადაგიშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – რომან მუჩიაშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი.
აღსანიშნავია, რომ შირვინტუსის მუნიციპალიტეტის დელეგაცია – შირვინტუსის მერის ჟივილე პინსკუვიენეს, მუნიციპალიტეტის საბჭოს დეპუტატის დარიუს ვალკაუსკასისა და სხვა ოფიციალური პირების შემადგენლობით კახეთის რეგიონს 24 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით ესტუმრა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის მრავალწლიან მეგობრულ, საქმიან და პარტნიორულ ურთიერთობებზე. ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, ხაზი გაესვა საგარეჯოსა და შირვინტუსის მუნიციპალიტეტების დამეგობრებისა და 24 სექტემბერს მერების მიერ „ორმხრივი შეთანხმების“ ოფიციალური დოკუმენტის გაფორმების მნიშვნელობას.
ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა კახეთის რეგიონის პოტენციალზე ეკონომიკის, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. საუბარი შეეხო იმ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონის მუნციპალიტეტებში ხორციელდება. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სფეროებსა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ პროექტებზე.
დელეგაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ირაკლი ქადაგიშვილს გულთბილი დახვედრისა და საქმიანი, ურთიერთსასარგებლო შეხვედრის ორგანიზებისთვის.