დემოკრატიის პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ის ხშირად იძულებულია, ანტიდემოკრატიული ძალებიც კი ითმინოს და დღეს ვართ ამ მდგომარეობაში

„ჩვენ ვითმენთ მთავარ ოპოზიციურ ძალად იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გამოირჩეოდა უმძიმესი დანაშაულებით, ადამიანის ღირსების ტოტალური და მასობრივი შელახვით. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის დემოკრატიის ერთგვარი ფასი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარეს, გიორგი ლომიას გამოეხმაურა.

„ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა მაშინ რეჟიმს, არის დასჯილი, ყველას აქვს შეფარდებული სისხლის სამართლის სასჯელი. დღეს რომ გვიცხადებენ ჩვენ პოლიტპატიმრებად ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს, თურმე, მირზა სუბელიანს დაურქმევია ამათთვის დამნაშავეები, ყველამ ხომ ვიცით, ყველსა თვალწინ ჩაიდინეს ამ პირებმა დანაშაული, მათ აქვთ შეფარდებული შესაბამისი სასჯელიც. ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი არის სასჯელშეფარდებული, ზოგი სასჯელს იხდის საქართველოში, ზოგი არის გაქცეული. ასეულობით ადამიანს აქვს დამატებით შეფარდებული სასჯელი იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილი იყო რეჟიმის პირობებში, რეჟიმის კარნახით და რეჟიმის დავალებით. მე გეთანხმებით, რომ ბოლომდე ვერ მოხერხდა ყველა დანაშაულის გამოძიება და ეს არის სამწუხარო, ამას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზებიც, გარდა სუბიექტურისა და სუბიექტური მიზეზიც არის ის, რომ ხშირად კვალიფიკაციის პრობლემა იყო, სხვადასხვა პრობლემა იყო მაგრამ ობიექტური ერთ-ერთი გარემოება მდგომარეობდა იმაში, რომ რეალურად, კვალი იყო წაშლილი ძალიან ბევრი დანაშაულის შემთხვევაში, რომელიც იყო ჩადენილი დაწყებული 2004 წლიდან, დამთავრებული 2012 წლამდე. წლების განმავლობაში იშლებოდა, ბუნებრივია, კვალი და ეს ქმნიდა ობიექტურ დაბრკოლებას იმისთვის, რომ ყველა საქმე გახსნილიყო. ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო რეალობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, „დემოკრატიის ფასი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ ასე ვთქვათ, იძულებული ანტიდემოკრატიული ძალა ვითმინოთ, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში“. მისი შეფასებით, სამწუხაროდ, ეს რეალობა დაბრკოლებას უქმნის ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის განვითარებას.

„რაც შეეხება რეჟიმის შეფასებას და პარტიის შეფასებას, მე ვიტყოდი, რომ ეს არის დემოკრატიის ფასი. არის ცნობილი ავსტრიელი მეცნიერის გამონათქვამი, რომ დემოკრატიის პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ის ხშირად იძულებულია, ანტიდემოკრატიული ძალებიც კი ითმინოს. და დღეს ვართ ჩვენ ამ მდგომარეობაში – დემოკრატიის ფასი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ ასე ვთქვათ, იძულებული ანტიდემოკრატიული ძალა ვითმინოთ, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა სწორედ წამებით, გაუპატიურებით, რეკეტით და ათასი უბედურებით, რაც ყველას ერთად გვახსოვს. ეს არის სამწუხარო რეალობა. ეს რეალობა, სამწუხაროდ, დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის განვითარებას, თუმცა, დროთა განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვითარება შეიცვლება და დღეს არსებული ეს უმძიმესი ოპოზიციური სპექტრი შეიცვლება უფრო ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრით. ეს არის გამოწვევა, რომელიც აქვს რეალურად ჩვენს ქვეყანას და ამაზე არის საჭირო ყოველდღიური მუშაობა. დღევანდელი რეალობა, არის, რა თქმა უნდა, უმძიმესი, იმიტომ, რომ ჩვენ ვითმენთ მთავარ ოპოზიციურ ძალად იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გამოირჩეოდა ზუსტად ამ უმძიმესი დანაშაულებით, ადამიანის ღირსების ტოტალური და მასობრივი შელახვით. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის დემოკრატიის ერთგვარი ფასი“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 127 times, 1 visit(s) today