IEC-ის კურსდამთავრებულთა ასოციაციას მრჩეველთა საბჭო ეყოლება

18/10/2018

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს შექმნის დოკუმენტს ოფიციალურად მოეწერა ხელი. ღონისძიებას ცენტრის 2018 წლის კურსდამთავრებულები, სხვადასხვა სასწავლო სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციარები და მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. ასოციაციის მრჩეველთა საბჭოში სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებების, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან, მათ შორის არიან – ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე – პრემიერ მინისტრის მრჩეველი განათლებისა საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი საბა ბუაძე, საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” პარტნიორი სოსო გალუმაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჟან ფრედერიკ პოლსენი.
“კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი უკვე დაგვიბრუნდა მსოფლიოს წამყვანი სასწავლებლებიდან. არაერთი ინიციატივა აქვთ ახალგაზრდებს და ერთად ვმსჯელობთ თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატზე – როგორ შეიძლება სამთავრობო სექტორი ჩაერთოს მათი ცოდნის გაზიარებაში და რა თქმა უნდა, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, რომ თავიანთი ადგილი იპოვონ იმ სფეროში, სადაც კარგი განათლება მიიღეს და გამოცდილებაც დაუგროვდათ“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ასოციაციის მისია და მიზანია – სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული ხელშეწყობა კურსდამთავრებულთა ჩართულობით, გამოცდილების გაზიარების, ინსტიტუტების განვითარების, პრიორიტეტული პროექტების განხორციელების, კავშირების დამყარებისა და გაძლიერების გზით, კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება, ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.
ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: განათლება და მეცნიერება, ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები, კულტურა, საერთაშორისო ურთიერთობები, გარემოს დაცვა, რეგიონული განვითარება.
„ეს ახალგაზრდები, ფაქტობრივად ჩვენი ოქროს ფონდია. მათ საუკეთესო უნივერსიტეტებში მიიღეს განათლება და მზად ვართ დავუდგეთ გვერდით, აღმოვუჩინოთ ყველანაირი დახმარება, რათა დაიკავონ თავიანთი ცოდნის შესაფერისი სამუშაო ადგილები და სხვადასხვა პრიორიტეტულ სფეროში საქმიანობით ჩაერთონ ქვეყნის განვითარებაში“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და 2014-2018 წლებში 650 სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის.
სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში ბრუნდებიან და საქმიანობას, შესაბამის სფეროში, 3 წლამდე ვადით განაგრძობენ. დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0