საფინანსო სექტორთან მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად, მივედით შეთანხმებამდე, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფი, დაახლოებით, 600 ათასი ჩვენი თანამოქალაქის დავალიანების პორტფელს, მთლიანად გამოისყიდის და გაისტუმრებს ფონდი „ქართუ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2018 წლის 15-31 დეკემბრის პერიოდში, დავალიანება გაუნულდება მოვალეთა რეესტრში მყოფ ადამიანთა 95%-ს, რომელსაც შეადგენენ ის ადამიანები, ვისაც ბანკების, მიკრო და ონლაინ საფინანსო ორგანიზაციების წინაშე, ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, დავალიანების ძირი თანხის სახით, 2 ათას ლარამდე აქვს დარჩენილი.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საფინანსო სექტორისთვის ეს იყო ჩვეულებრივი ბიზნეს-ტრანზაქცია, ხოლო ფონდი „ქართუსთვის“ ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის აქტი.
„შესაბამისად, ყველანაირი განცხადება, რომ ერთი პატიოსანი გადამხდელის ფულით, ბიუჯეტიდან ფინანსდება სესხი, რომელიც სხვამ ვერ დაფარა, არის აბსოლუტური სპეკულაცია. მთავრობის როლი იყო ის, რომ ჩვენ ეს საკითხი მწვავედ დავაყენეთ, ვეძებდით ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ საკითხის გადაჭრის ტვირთი, იკისრა ფონდმა „ქართუმ“, რისთვისაც ვუხდი მადლობას. ამავდროულად, მადლობას ვუხდით ბანკებს თანამშრომლობისთვის. არ იყო იოლი, რამდენიმე ათეული საფინანსო ინსტიტუტის ერთ მაგიდასთან დასმა და შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ამ შემთხვევაში, მათთვის ეს იყო ჩვეულებრივი ბიზნეს-ტრანზაქცია, ხოლო „ქართუსთვის“ იყო სოციალური პასუხისმგებლობის აქტი. ფონდმა „ქართუმ“ სრულად გაიზიარა ამ პრობლემის სიმწვავე და როგორც ყოველთვის და არაერთხელ, გვერდზე დაუდგა არა ჩვენს მთავრობას, არამედ ჩვენს ქვეყანას ამ პრობლემის გადასაჭრელად“,- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ჭარბვალიანობა ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ეკონომიკის განვითარებისთვის.
მისი თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში ისაუბრა, ხოლო შემდგომ, პრემიერ-მინისტრობისას, მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები შემოდგომით გადაიდგმებოდა.
„ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა. ეს განცხადება ეყრდნობოდა იმ მარტივ მოცემულობას, რომ დაახლოებით, 700 000 ადამიანამდე იყო ე.წ შავ სიაში. ეს არის, პრაქტიკულად, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედი. ეს მესამედი, რეალურად გამოთიშული იყო ეკონომიკურ ცხოვრებას. ეს იყო ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ეს არის სწორედ იმ უპასუხისმგებლო დაკრედიტების შედეგი, რომელზეც ვსაუბრობდით. ეს ვალი გროვდებოდა არა 10, 20 და 100 ათასი ლარის გაცემით, ეს ხდებოდა 300-500 და მაქსიმუმ 1000 ლარის ფარგლებში, სწორედ ამან გამოიწვია ჭარბვალიანობა. შესაბამისად, ე.წ. შავ სიაში ამ კრიტერიუმებით მოხვდა 600 ათასი ადამიანი. ჭარბვალიანობის ძირითადი ბირთვი სწორედ მათზე მოდის. ჯამში – ჯარიმები და ძირი, მილიარდნახევარი ლარია და ამ თანხას სრულად ფარავს ფონდი „ქართუ”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.