მედიაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პრეზენტაცია გაიმართა

რა გეგმები აქვს საქართველოს მთავრობას მედიაციისა და საარბიტრაჟო სისტემის განვითარებისათვის, რატომ არის ამ ინსტიტუციების გაძლიერება მნიშვნელოვანი ამოცანა ქვეყნის განვითარებისათვის, რას მოუტანენ ისინი საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკას და რა წანამძღვრები არსებობს ამ ამბიციური მიზნების განსახორციელებლად − ამ საკითხებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. შეხვედრის მონაწილეებს თეა წულუკიანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და არბიტრაჟისა და მედიაციის ინსტიტუტის განვითარების საკითხებზე მთავრობის ხედვა გააცნო.
იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს ყველა წინაპირობა აქვს, ჩამოყალიბდეს ბიზნეს- და საარბიტრაჟო ჰაბად. ქვეყანაში მარტივია შემოსვლა, დაფუძნება და ბიზნესსაქმიანობის დაწყება, რასაც მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებიც ადასტურებს − წელს საქართველომ ბიზნესის დაფუძნების თვალსაზრისით რეიტინგში − მე-2, ხოლო ბიზნესის განხორციელების სიმარტივის მხრივ მე-6 ადგილი მოიპოვა; იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმამ კი, შესაძლებელი გახადა მემორანდუმის გაფორმება საერთაშორისო კომერციული პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC − Iinternational Court of Arbitration). ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო დაეხმარება საქართველოს არბიტრაჟის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებაში.
რაც შეეხება მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას, იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ მიზნით მომზადებული კანონპროექტი უკვე მოიწონა მთავრობამ და ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სასამართლო გათავისუფლდება ისეთი დავების განხილვისგან, როგორიცაა, მაგალითად, მიკროსაფინანსო, სამეზობლო, სამემკვიდრეო დავები, ბიზნესდავები და სხვა. მრავალწლიანი და ძვირი სასამართლო დავის ნაცვლად მოდავეები შეძლებენ, უფრო სწრაფად, ეფექტიანად და ნაკლები დანახარჯებით სასამართლო ან სასამართლოს მიღმა − კერძო მედიაციით მოაგვარონ ისინი.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ცვლილებებით კანონმდებლობაში აღმოიფხვრება ობიექტური მიზეზები, რომლებიც ხელს უშლის მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას საქართველოში და შეიქმნება მედიაციისათვის ხელსაყრელი საკანონმდებლო საფუძველი.
მედიაციის უპირატესობა საყოფაცხოვრებო დავებთან მიმართებით დაადასტურა მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგებმა. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ქონების რეგისტრაციის მსურველები სადავო მიწის ნაკვეთების შემთხვევაში სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობდნენ სანოტარო მედიაციით. სასამართლოში საქმის ხანგრძლივი განხილვის ნაცვლად, მედიატორი ნოტარიუსი მათ შეთანხმების მიღწევაში ეხმარებოდა. შედეგად, მიწის რეგისტრაციის ფარგლებში 1570 სანოტარო მედიაცია წარმატებით დასრულდა. 1570 შემთხვევაში მხარეებმა სანოტარო მედიაციის ფარგლებში მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლო განხილვის, დროისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის გარეშე. ეს მონაცემი ადასტურებს, რომ მედიაციას, როგორც პრობლემების გადაჭრის უფრო ბუნებრივ ფორმას, ბიზნეს- და საყოფაცხოვრებო დავების პირობებში ალტერნატივა არ აქვს.
შეხვედრაზე მედიაციის შესახებ კანონის პრეზენტაცია გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა და ღონისძიების მონაწილეების კითხვებს უპასუხა.
მედიაციის შესახებ კანონის პრეზენტაცია მინისტრმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საერთაშორისო-საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯია, მედიატორები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

Visited 134 times, 1 visit(s) today