გურია სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალურ თამაშებს უმასპინძლებს

გურია მასობრივ სპორტულ ღონისძიებას – სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2019 წლის ფინალურ თამაშებს უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიება ოზურგეთში 23- 28 ივნისს გაიმართება. ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელ დავით ყარაგაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შეხვედრას დაესწრნენ რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ოლიმპიადის ორგანიზაციული უზრუნველყოფის კოორდინატორი მეგი გიგაური, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინატორი გოჩა გეგენავა, დასავლეთ საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინატორი ნანა ცინდელიანი, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის ზონალურ თამაშებში შეჯიბრებების შედეგად ფინალისტი გუნდები სპორტის შვიდ სახეობაში გამოვლინდა: ბადმინტონი, ფრენბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, მინი ფეხბურთი და 3X3 კალათბურთი.
როგორც შეხვედრაზე ორგანიზატორებმა განმარტეს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა არ არის მარტო თამაში გამარჯვებისთვის. ის უნიკალური შესაძლებლობაა იმისა, რომ მოსწავლეებმა გაიცნონ თანატოლები სხვა სკოლიდან, ქალაქიდან, რეგიონიდან, გაიცნონ და შეიმეცნონ ქვეყნის ქალაქები, რეგიონები, დაუმეგობრდნენ თანატოლებს, მიიღონ უზარმაზარი გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, გამოიყენონ შესაძლებლობა, გაემგზავრონ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოები და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები.

Visited 311 times, 1 visit(s) today