ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ პრობლემას, ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ უპრეცენდენტოა.
„დღეს პარტიის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს ეხება პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას 2020 წელში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცენდენტოს ვუწოდებდი მე ამ გადაწყვეტილებას. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბარიერი საერთოდ უქმდება, ნულოვანი ხდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შეასაძლებლობას, თუ საზოგადოების მხრიდან მათ ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, მოხვდნენ პარლამენტში და დააფიქსირონ თავიანთი ხმა სხვადასხვა საკითხებზე. მე მგონია, რომ ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, მე მგონია, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა და ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანოთ, 2012 წლიდან რაც კი არჩევნები ჩატარდა გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ პრობლემას, ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა კალაძემ.