მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია, ბოლო პლენარულ სხდომაზე საქართველოს ჰიმნით დაიხურა.
სხდომაზე დეპუტატებმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ვადებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს. როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, კანონის ძირითადი მუხლების ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 ნოემბერი. უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი ხატიძემ, წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„ყველას კარგად მოგვეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის სრულფასოვანი და ეფექტიანი ამოქმედება, რომელმაც დღევანდელ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მივმართო ყველა იმ უწყებას, რომელსაც ხელეწიფება და რომლის პირდაპირ ვალდებულებაში შედის ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ოპერატიულად უზრუნველყონ შესაბამისი პროცედურების გავლა“, – განაცხადა გიორგი ხატიძემ.
საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დღესვე გაიმართა ბიუროს სხდომა, რომელმაც პლენარული სხდომის დღის წესრიგში აღნიშნული პაკეტის მესამე მოსმენით განხილვა შეიტანა. მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ, პარლამენტმა კენჭი უყარა და მიიღო ძირითადი და გამომდინარე კანონპროექტები. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საგაზაფხულო სესია დახურულად გამოაცხადა, რის შემდეგაც საქართველოს ჰიმნი შესრულდა.