ეკატერინე ტიკარაძე დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს სესილია ხიმენეს-დამარის შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესების გზები. ასევე იმსჯელეს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ. ეკატერინე ტიკარაძემ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, საკუთარი ხედვა გაუზიარა დევნილების კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად და მადლობა გადაუხადა რეკომენდაციებისთვისა და მხადრაჭერისთვის. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო დევნილთა საკითხებზე მიმდინარე კონფერენციას, რომელიც იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების 20 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დონორი ორგანიზაციები. კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით.

Visited 80 times, 1 visit(s) today