ხაშურში, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს

ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, რომელსაც უძღვებოდნენ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრები, მათ შორის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურს ცენტრისა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები, სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა აუდიტორიას გააცნო ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, დახმარების მიღების წესისა და კრიტერიუმების შესახებ. განიხილეს მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის, ასევე მიგრაციის სამართლებრივი საკითხები. რაჟდენ კუპრაშვილმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.
მნიშვნელოვანია, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური ხაშურში გეგმავს საკონსულტაციო ცენტრის გახსნას. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზვიად ქურდაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის, ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში და თანადგომა გაუწიოს მის განხორციელებას კომპეტენციიდან და არსებული რესურსებიდან გამომდინარე.
საკონსულტაციო ცენტრში შესაძლებელი იქნება ნებისმიერმა პირმა ნებისმიერ საკითხზე მიიღოს უფასო სამართლებრივი კონსულტაცია. სოციალურად დაუცველი პირებისთვის ცენტრის მეშვეობით იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა და ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობაც იქნება შესაძლებელი.

Visited 161 times, 1 visit(s) today