კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების (ACED) პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოლხეთის ეროვნული პარკის ეკოტურისტული განვითარების მიზნით, ანაკლიაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოში, USAID-ის “ზრდას” პროექტს შორის ურთიერთგაგების სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტის მიზანია კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის შესასვლელის განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და სერვისების დანერგვის მეშვეობით. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში დამატებითი ეკოტურისტული ატრაქციის შექმნასა და ტურისტული ნაკადების ზრდას. მემორანდუმის თანახმად, შეიქმნება კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარების კონცეფცია, ადმინისტრაცია აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით, განვითარდება სათევზაო ტურიზმი, მოეწყობა „თოკების პარკი“, საკემპინგე სივრცე და კოტეჯები.
აშენდება ახალი ნავმისადგომი და ჩიტებზე დაკვირვების კოშკურები, დასუფთავდება სანაპირო ზოლი. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები 2020 წლის დეკემბერში დასრულდება. კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული, ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიაა. პარკში არსებული კოლხური ტყე მიმდინარე წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს.

Visited 265 times, 1 visit(s) today