საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას გაუძღვნენ მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი და მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე.
წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს. 25, 27 და 28 აგვისტოს საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო კონცერტებს თბილისში ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.

„ღამის სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის – ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები საქართველოდან“.

ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ნანა იაშვილი (ვიოლინო), ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო), ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ფინეთი/ინგლისი), იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი), პანტელის კოგიამისი (მოწვეული დირიჟორი, საბერძნეთი-ავსტრია), ყაზახეთის სახელმწიფო ტრიო – ერლან სერკებაევის (ფორტეპიანო), ბაღდატ აბილხანოვისა (ვიოლინო) და ყურვანჟან ახატოვის (ჩელო) შემადგენლობით, სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებს – „კონცერტი ჩელოსთვის“ შეასრულებს ფინეთიდან მოწვეული ვარსკვლავი იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო).

Visited 113 times, 1 visit(s) today