გურიის რეგიონში პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებთან შეხვედრები დასრულდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან, გურიის მხარის რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ მათ სოფლის ექიმის პროგრამაში მიმდინარე სიახლეები გააცნო და პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრულად ამოქმედებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს. ასევე, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები პირველად ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისთვის. თამარ გაბუნიამ ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებულ პროგრამაზეც ისაუბრა და პროექტის წარმატებით მიმდინარეობაში ადგილობრივი ხელისუფლების როლი გამოჰყო. საქართველოს რეგიონებში სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრები პერმანენტული ხასიათისაა და ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას ემსახურება.

Visited 52 times, 1 visit(s) today